2015 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლამდე რუსული სპეცსამსახურების მიერ დაკავებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად თბილისში გაიმართება უკრაინული კინოს კვირეული.
უდანაშაულო რეჟისორის გათავისუფლებისთვის დაუღალავად იბრძვიან არა მარტო უკრაინის კინემატოგრაფიის წარმომადგენლები, არამედ კოლეგები მთელი მსოფლიოდან. ახლა კი არაგულგრილი საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებენ შესაძლებლობას ეწვიონ უკრაინის კინოს კვირეულს და ამით ხელი შეუწყონ პოლიტიკური პატიმრის ოლეგ სენცოვის გათავისუფლებას. საქველმოქმედო ჩვენებები გაიმართება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით.
საქართველოში უკრაინულ კინოს წარადგენენ ღონისძიების ორგანიზატორი ანა პალენჩუკი და ფილმის «გამძღოლი»–ს რეჟისორი ოლეს სანინი.
ამ კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი უკრაინული ფილმი: «გამერი» (რეჟ. ოლეგ სენცოვი), «გამძღოლი» (რეჟ. ოლეს სანინი), «ფარაჯანოვი» (რეჟ. ოლენა ფეტისოვა და სერჟ ავედიკიანი) და შემოქმედითი გაერთიანების BABYLON'13–ს დოკუმენტალური ფილმი «უფრო ძლიერი, ვიდრე იარაღი».
ღონისძიების გახსნა გაიმართება 29 იანვარს, კინოთეატრ რუსთაველში (რუსთაველის გამზირი), 19 საათზე.
სხვა ჩვენებები (30 იანვარი — 1 თებერვალი), გაიმართება კინოთეატრ ქოლგაში, კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქუჩა) 19 საათზე.
ოლეგ სენცოვი–უკრაინელი რეჟისორი, მაიდანის აქტივისტი, ღიად გამოდიოდა უკრაინის ერთიანობის ლოზუნგით და ეხმარებოდა უკრაინელ მეომრებს ყირიმში ანექსიის დროს. 2014 წლის მაისში უკანონოდ იყო დაპატიმრებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ. ამჟამად რეჟისორი იმყოფება მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ტერორიზმით ბრალდებით. ოლეგ სენცოვს ემუქრება 20 წლამდე პატიმრობა.
გასული წლის შემოდგომას უკრაინის 10 ქალაქში წარმატებით გაიმართა უკრაინული კინოს კვირეული ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად. საქველმოქმედო ჩვენებების მიზანი იყო ოლეგ სენცოვის და მისი ოჯახის დახმარება, და ასევე მასიური მაყურებლისთვის თანამედროვე უკრაინული კინოს ჩვენება.
«იმის შემდეგ,რაც 26 დეკემბერს ლეფორტოვის სასამართლომ გაუგრძელა ოლეგ სენცოვის პატიმრობის ვადა 11 აპრილამდე, ჩვენ მივხვდით,რომ ეხლა ძალზედ მნიშვნელოვანია არ გავჩერდეთ და გავიტანოთ საქველმოქმედო ჩვენებები ახალ დონეზე. სასიამოვნოა, რომ პირველები, ვინც გამოთქვა მზადყოფნა ჩაატაროს ეს ღონისძიება თავის ქვეყანაში, იყვნენ ჩვენი ქართველი კოლეგები. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის ჩვენებისთვის არჩეული ფილმები, ღირსეულად წარადგენენ ჩვენს ქვეყანას,–აღნიშნა ანა პალენჩუკმა.“